16 ივნისი 2024,   06:09
ვრცლად
როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულები დღეს, სავარაუდოდ, ვერდიქტს გამოაცხადებენ

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, დღეს სავარაუდოდ, ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს გამოაცხადებენ. სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული ორი პირის საქმის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.  

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერები ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია არც ერთი ბრალად წარდგენილი ქმედება. 

"ყველა ნეიტრალური მტკიცებულებით დასტურდება, რომ ალი ბალაძეს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ბრალდების მხარე არის დარჩენილი ორი მოწმის ჩვენების იმედად, ეს ის მოწმეები არიან, რომლებმაც გამოძიების ეტაპზე ძალიან ბევრჯერ შეცვალეს ჩვენებები. მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება სხვა ნეიტრალურ დამაჯერებელ მოწმეთა ჩვენებებს და ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის, საქმეში არსებულ ფარულ ჩანაწერებს. დაცვის მხარე ძირითადად, ვეყრდნობით ამ მტკიცებულებას, ვინაიდან, ის არის ნეიტრალური და დამაჯერებელი მტკიცებულება. ფარული ჩანაწერები ცალსახად ადასტურებს, რომ ალი ბალაძეს არ ჩაუდენია არც ერთი ბრალად წარდგენილი ქმედება," - აცხადებს ადვოკატი.

ბრალდების მხარის განცხადებით, პროკურატურის მოლოდინია, რომ ნაფიცი მსაჯულები გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოაცხადებენ. 

"არა ერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის დოკუმენტური მტკიცებულებები, სატელეფონო კომუნიკაციების თვალსაზრისით, ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერები და მათ შორის, რაც მნიშვნელოვანია, რამდენიმე სპეცრაზმელმა 15 წლის შემდგომ გადაწყვიტა, რომ ეღიარებინა დანაშაული და ეს ადამიანები თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან," - აცხადებს პროკურორი ლაშა ბიწაძე.

 

 

 

დღის ამბები