"საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველების მიერ, ეს არის პრინციპი, რომელიც არ გადაიხედება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ვეტინგზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის ქვეყნები, სადაც ვეტინგი დანერგეს, სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე ათეული ქულით უკან არიან.
მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული ამოცანაა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყოველთვის საქართველოს მოქალაქემ მიიღოს.
"როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც ეს პრინციპი დანერგეს, ის ქვეყნები სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე ათეული ქულით უკან არიან, ბუნებრივია იმ ქვეყნებისთვის მიბაძვას არ ვაპირებთ, რომლებმაც უკან დაიხიეს ასეთი რეფორმების კეთებით. შესაბამისად, თუკი ამას ემატება ის ეროვნული ამოცანა, რომ არასდროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით არ მიიღონ და მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის საქართველოს მოქალაქემ, მაშინ გასაგებია, რატომ არ ვეთანხმებით ვეტინგს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.