16 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
სტრატეგია, რომელიც ჯერემი როზნერმა "ნაციონალურ მოძრაობას" გაუწერა - ფასების პოპულისტური კამპანია ახალ ფაზაში შევიდა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ როზნერს არ იცნობს, თუმცა მის მიერ დაწერილ სტრატეგიას ყოველგვარი იმპროვიზაციის გარეშე მიჰყვება. ლევან ხაბეიშვილმა დღეს სიტყვათშეთანხმება - "დიდი პრობლემაც" რამდენჯერმე, პოლიტიკური პიარის წესების მიხედვით ახსენა. სააკაშვილის პარტიის გეგმა "კურიერისთვის" მის განხორციელებამდე კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი. 3 დღით ადრე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ დახურულ სტატუსში ეწერა ყველა ის მთავარი მესიჯი, რომელიც პარტიას ბანერებზე, გაზეთებში და ბროშურებზე უნდა დაებეჭდა. სტრატეგიის მიხედვით, "ნაცმოძრაობამ" გაზეთების დარიგება კახეთის რეგიონიდან დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი ოპოზიციური პარტიის სათავო და რეგიონულ ოფისებში უარყვეს, "კურიერის" კამერამ დასარიგებლად გამზადებული და დარიგებული მასალა კახეთსა და თბილისში მაინც გადაიღო. წყარო ყვება, რომ გეგმის მიზანი კვლავ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივის გადაფარვაა.

როზნერის უკვე მეორედ, წინასწარ, გაშიფრულ ინსტრუქციას მორიგ აღიარებს უწოდებენ მმართველი გუნდის ლიდერები. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნაცმოძრაობა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ინიციატივის მხარდაჭერისგან თავის დაღწევას ამ ფორმით ცდილობს. "ოცნებაში" დღეს ოპონენტებს, ისიც შეახსენეს, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

"კურიერის" მიერ მოპოვებული გეგმის მიუხედავად, ნებისმიერ შეკითხვას პიარ-ტექნოლოგის ინსტრუქციის მიხედვით პასუხობენ "სტრატეგია აღმაშენებელშიც".

"ნაციონალური მოძრაობის" განახლებულ ტაქტიკას და გზავნილებს არადამაჯერებლად მიიჩნევენ მათივე კოლეგები. მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიის ცვლილებაზე "ახალის" დამფუძნებელმა და "ნაცმოძრაობის" ყოფილმა მაღალჩინოსანმა ერთ-ერთ ეთერში ისაუბრა. ნიკა გვარამიამ სააკაშვილის გუნდი ნათელაშვილის ლეიბორისტებს შეადარა. ხაბეიშვილის დაპირებები პოპულისტურად გამოიყურება "გირჩისთვისაც".

როზნერის სტრატეგიის მიხედვით, ხაბეიშვილის მომხრე ოჯახში სტუმრობა, მეწარმესთან შეხვედრა, თურქეთში პროდუქტების ფასების გასაგებად გადასვლა და ახლა უკვე გაზეთ -"დიდი პრობლემის" გავრცელება - საპარლამენტო უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი თემის პოპულისტურად გადაფარვის მცდელობის მაგალითია.

საპარლამენტო არჩევნებამდე რვა თვით ადრე, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა აქტიური კამპანია დაიწყო. ფასები და მიგრაცია - ე.წ. როზნერის გეგმის მთავარი გზავნილებია. უცხოელი კონსულტანტის, ჯერემი როზნერის მორიგ პიარ-სვლას საზოგადოება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში კვლავ იხილავს.

 

 

 

დღის ამბები