16 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
როგორც არ უნდა დაინახონ უცხოელებმა, ქართველი ხალხი ვერ ხედავს "ნაცმოძრაობას", როგორც "ქართული ოცნების" ერთადერთ ჩამნაცვლებელს - იაგო ხვიჩია ბოკუჩავას განცხადებაზე

აღიარება ოპოზიციის მხრიდან - ასე აფასებს მმართველი გუნდი თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციის გაერთიანების მთავარი მიზანია ბრიუსელს დაანახონ, რომ საქართველოში ალტერნატიული ძალა არსებობს.

უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიციას ლეგიტიმაცია არა ქართული საზოგადოებისგან, არამედ უცხოელებისგან სურს და "ნაციონალური მოძრაობა" უკვე ღიად ამბობს, რომ უცხოელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ შევა საქართველოს პარლამენტში და ვინ არა.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, თუ "ნაციონალურ მოძრაობს" რამის ახსნა სურს, ქვეყნის შიგნით უნდა ელაპარაკონ ხალხს, თუმცა, ლილუაშვილის განცხადებით, მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ.

"ბოკუჩავასა და "ნაციონალური მოძრაობის" საქმე ამ ქვეყანაში 12 წლის წინ დამთავრდა. თუ მას რამის ახსნა უნდა, ქვეყნის შიგნით, ხალხს აუხსნას. აქ რომ არ აქვს ამის რესურსი, ამიტომ იგონებენ, ვითომ, საზღვარგარეთ ვინმეს რამეში არწმუნებენ. ვინ უნდა დაარწმუნოს "ნაციონალურმა მოძრაობამ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

"გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქართველი ხალხი ვერ ხედავს "ნაციონალურ მოძრაობს" "ქართული ოცნების" ერთადერთ ჩამნაცვლებლად.

"დიდი ხანია "ნაცმოძრაობა" არსებობს და, თუ ვინმეს დანახვა უნდოდა, ყველაფერს დაინახავდა უკვე მასში. როგორც არ უნდა დაინახონ უცხოელებმა, ქართველი ხალხი ვერ ხედავს "ნაცმოძრაობას", როგორც "ქართული ოცნების" ერთადერთ ჩამნაცვლებელს. ამ ფაქტის აღიარება არ უნდათ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს. "ნაცმოძრაობამ" აღიაროს, რომ ადრე შეცდომას უშვებდა და სწორედ შეცდომების გამოა ახლა იქ, სადაც არის. ამის არაღიარების გარეშე ახალი არაფერი იქნება "ნაცმოძრაობის" მხრიდან", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები