16 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და ცალკეული განშტოებები საზოგადოების მოტყუებას თვალთმაქცობითა და სიყალბით ცდილობენ, თუმცა პერსპექტივა არ აქვთ - გია ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე

აღიარება ოპოზიციის მხრიდან - ასე აფასებს მმართველი გუნდი თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციის გაერთიანების მთავარი მიზანია ბრიუსელს დაანახონ, რომ საქართველოში ალტერნატიული ძალა არსებობს.

უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიციას ლეგიტიმაცია არა ქართული საზოგადოებისგან, არამედ უცხოელებისგან სურს და "ნაციონალური მოძრაობა" უკვე ღიად ამბობს, რომ უცხოელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ შევა საქართველოს პარლამენტში და ვინ არა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, დასავლეთში ძალიან კარგად იციან, თუ რას წარმოადგენს რეალურად "ნაციონალური მოძრაობა".

"დასავლეთში კარგად იციან, რომ ეს არ არის კოალიციური ერთობა, დასავლეთში კარგად იციან, რომ ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა". დამოკიდებულება შეიძლება სხვა იყოს, უფრო პრაგმატული, განსხვავებით საქართველოს საზოგადოების გაღიზიანებული პოზიციისა, ამ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მიმართ, მაგრამ რეალურად იმ სურათის წარმოჩენა არის უპერსპექტივო, თითქოს, სხვადასხვა პლატფორმა არსებობს. შეიძლება ასეთი ინსტრუქცია აქვთ, რომ ამ გზით იარონ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გზაზე სიარულში პერსპექტივა არ აქვთ, ვინაიდან თვალთმაქცობა და სიყალბეა. არსებობს კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და ცალკეული განშტოებები, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება მოატყუონ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ბრიუსელსა და ვაშინგტონს "ეკეკლუცება".

"კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ხელწერა გახლავთ ის, რომ ისინი ეკეკლუცებიან ბრიუსელს, ვაშინგტონს, სხვადასხვა დედაქალაქს. ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს იმიტომ, რომ ჩემ მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკური ცენტრები არიან ჩვენი პარტნიორები, ჩვენი დიდი მხარდამჭერები, სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ მაშინ, როდესაც ყველა ინტერესს, მათ შორის პარტიულს, აყენებ შენი ქვეყნის ინტერესებზე უფრო მაღლა, ეს, რა თქმა უნდა, დასაძრახია", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები