ჭიათურის მაღაროების უკანონოდ გადაკეტვის ფაქტზე, პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება, ადგილობრივების მხრიდან 13 მარტს კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროების პარალიზებას, რამაც საფრთხე შეუქმნა მაღაროებში მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
აქციის ორგანიზატორებმა, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ, მაღაროების ცენტრალური განიავების სისტემა თვითნებურად გათიშეს, ამ დროს კი მაღაროებში თანამშრომლები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. "ჯორჯიან მანგანეზი " სამართლებრივ დავას იწყებს აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო. კომპანიაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების უმრავლესობაზე უკვე სრულად არის გაცემული თანხები, ნაწილზე კი - აუდიტის დასკვნით განსაზღვრული თანხის 90 პროცენტზე მეტი.
"ჯორჯიან მანგანეზის" განმარტებით, კომპანია ასევე მოსახლეობასთან შეთანხმებით განაგრძობს თანხების კატეგორიების მიხედვით გაცემას. მიუხედავად ამისა მოსახლეობას ამ დრომდე გადაკეტილი აქვს შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროები, რის გამოც სამუშაო პროცესი სრულადაა პარალიზებული.