27 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის" გამარჯვებულია - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 36-10 მოუგო

ოთხი ლელო, აქედან ორი დუბლი, საქართველო რაგბის ევროპის ჩემპიონია. ზედიზედ მეშვიდედ, ქართველმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის სამყაროს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს, რომ გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშს იმსახურებენ. 36-10 - ასეთი ანგარიშით გააცილა საქართველოს ნაკრებმა მეტოქე პორტუგალია საპატიო დერეფანში.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მატჩი ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. გარდა იმისა, რომ ჩემპიონის ვინაობა ირკვეოდა, ბორჯღალოსნებს პორტუგალიასთან ანგარიში ჰქონდათ გასასწორებელი. ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფრედ, 18-18 ითამაშა, რის გამოც მსოფლიოს თასის მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.

ბორჯღალოსნებმა, ამ მოგებით, მსოფლიო რეიტინგში პოზიციები გაიმყარეს. საქართველოს ნაკრები მე-13 ადგილზეა და იაპონიასთან სხვაობა მინიმალურამდე შემცირდა. საქართველო იაპონიას ზაფხულის ტესტებზე დაუპირისპირდება და კლასიფიკაციაში დაწინაურების შანსი მიეცემა.

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონი მე-16-ედ გახდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. ახალი ფორმატით ეს ტურნირი მეორე წელია ტარდება და, ორივე შემთხვევაში, ბორჯღალოსნებმა ფინალში პორტუგალია დაამარცხეს.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები