27 აპრილი 2024,   16:18
ვრცლად
რატომ არ აქვს საქართველოს ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები და თავისუფალი ვაჭრობა - მმართველი გუნდის განცხადებით, მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის უფრო გაღრმავება

რატომ არ აქვს საქართველოს ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები და თავისუფალი ვაჭრობა - მმართველ გუნდში მთავარ აქცენტს ცალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაზე აკეთებენ. მათი განმარტებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ამერიკასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება და ურთიერთობის გადასატვირთად მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

"სამწუხაროდ, დღემდე ეს საკითხი გადაუწყვეტელია. გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა ჩინეთთან, ევროკავშირთან. ძალიან ბევრს ქვეყანასთან არის სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ეს ურთიერთობა და აქ ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, თუკი ვიტყვით, რომ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გვსურს ამ სტრატეგიული ურთიერთობის ბევრად გაღრმავება," - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

ოპონენტების შეფასებით კი, "ქართულმა ოცნებამ" უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რაც შტატებს მისცემს მეტ შესაძლებლობას იმუშაოს პარტნიორობის გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით.

გარდა ამისა, USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა "ამერიკის ხმასთან" ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სააგენტოს საქართველოსთან 32 წელია მჭიდრო პარტნიორობა აქვს და ორ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია დაიხარჯა, რაც იმ 6 მილიარდის ნაწილია, რომელიც ამერიკამ საქართველოს ჯამურად გამოუყო. ჯონ პენელის განცხადებით, სააგენტოს ამჟამად საქართველოს სხვადასხვა სფეროში 40 მიმდინარე პროექტი აქვს.

 

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები