პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის კითხვა-პასუხი იყო.
"რაც შეეხება გაუქმებას ოპოზიციური თავმჯდომარის კვოტისა, მინდა გითხრათ, რომ გასაგებია, რომ ეს "ლელოს" წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჩემი თანაგუნდელი და კოლეგა გიორგი სიორიძე ისევე კეთილსინდისიერად და მაღალკვალიფიციურად გააგრძელებს ცესკოს წევრის ვალდებულებების შესრულებას, როგორც აქამდე აკეთებდა ყოველთვის. "ლელო" არ გაჩერდება, არ შეშინდება და არანაირ დაბრკოლებას ეს არ შეგვიქმნის," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, ანა ნაცვლიშვილი.
უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მას დარბაზში საკუთარი განცხადება მოასმენინა, სადაც ანა ნაცვლიშვილი ახსენებს ოპოზიციურ თავმჯდომარეს, რაც "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი დადასტურებაა ოპოზიციის მოტივაციასთან დაკავშირებით.