პოლიტიკური განხილვის საგანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნიკა გვარამია პოლიტპატიმარი არ ყოფილა.
"აქ რამდენიმე რამ წარმოჩნდა, პირველი, რომ არავითარი პოლიტპატიმარი არ ყოფილა. მეორე, მოსამართლე იყო დასანქცირებული ამ საქმეზე და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის ყოფილმა ელჩმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაესანქცირებინათ ეს ადამიანი, აბსოლუტურად უსამართლოთ და ველოდებით, სანქციები ამ კონკრეტულ ადამიანს მოუხსნიან. მესამე, საქართველოს პრეზიდენტის როლი ამ საქმეში, შეწყალებაში, მასზე დიდი ზეწოლა განხორციელდა, მან ამ ზეწოლას ვერ გაუძლო. არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია, მაგრამ სამართალმა პური უნდა ჭამოს", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. სწორედ ამ საქმეს ეხებოდა სტრასბურგში საჩივარიც.