სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დასაშვებად არ ცნო. ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი ინსტანციის მხრიდან, გვარამიასთვის ეს უკვე მეორე იმედგაცრუებაა, რაზეც პოლიტიკოსმა საკუთარ ფეისბუქზეც დაწერა. "ახალის" დამფუძნებელმა დღეს სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვა, სოციალურ ქსელში კი სტრასბურგის მოსამართლეების კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანა. განსხვავებულია იმ მოსამართლის პოზიცია, რომელმაც 2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ლაშა ჩხიკვაძისთვის ევროპული სასამართლოს უარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან მის მიმართ წარსულში უსამართლო მიდგომა იყო გამოყენებული.
შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ამ შინაარსის განცხადებები გაიხსენეს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა. სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მოსამართლის ფაქტობრივ სანქცირებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი დღეს უკვე განმარტებას და ბოდიშს ელოდება. სახელისუფლებო პარტიაში ვიოლა ფონ კრამონის და სხვა ევროპარლამენტარების მხრიდან გვარამიას პოლიტპატიმრად მონათვლის ფაქტიც გაიხსენეს და თქვეს, რომ სტრასბურგმა ყველა სპეკულაციას წერტილი დაუსვა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ყველაზე დიდი დაბნეულობა ოპოზიციურ სპექტრში გამოიწვია. პოლიტიკოსები, რომლებიც მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ნიკა გვარამიას პოლიტიკურ დევნაზე საუბრობდნენ, დღეს სტრასბურგთან კამათს ერიდებიან. თუმცა მათი ნაწილი, "მთავარი არხის" დამფუძნებელს კვლავ პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს.
ოპონენტების პოზიცია არ უკვირთ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლებმა დღეს ოპოზიციასა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაც გაიხსენეს. პოლიტიკოსების თქმით, პრეზიდენტს საზოგადოებისთვის, კრიმინალის შეწყალების გამო ბოდიში აქვს მოსახდელი.
ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2-სთვის" 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ 2022 წელს ცნო და ჯარიმა დააკისრა. არხის ყოფილი დირექტორი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეშიც გამტყუნდა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. გვარამიამ ციხე ერთ წელიწადში, პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა.