სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, "ქართული ოცნება" პრეზიდენტსაც კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.
ამ გადაწყვეტილებამ მმართველ გუნდს არგუმენტები გაუმყარა - როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ფაქტი ადასტურებს, რომ ნიკა გვარამია დამნაშავეა და მის გათავისუფლებას პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. შეფასებებში "ოცნებას" არ ეთანხმება ოპოზიცია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის თეონა აქუბარდიას განმარტებით, ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების ნაწილი იყო, რადგან, მსგავსი ბრალდებით, საქართველოში იქამდე არავინ დაუკავებიათ.
"ფაქტია, რომ ნიკა გვარამია რა ბრალდებითაც იხდიდა სასჯელს, ასეთი ბრალდებით საქართველოში სხვა არავინ დაუკავებიათ. ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების ნაწილი. დეტალები უცნობია, რატომ არ მოხდა სტრასბურგის სასამართლოში ამ საქმის მიღება, შესაბამისად, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ გვარამიას დაკავების პერიოდი, საქმეს მიზანმიმართულად ხდიდა პოლიტიკური ინტერესის სფეროდ, თუმცა ის პოლიტპატიმარი არ ყოფილა.
"ჩვენ არასდროს არ გვითქვამს გვარამიაზე, პოლიტპატიმარიაო. ჩვენ ვამბობდით მარტივ რამეს, რომ ის დრო და მომენტი, როდესაც მოხდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, მიზანმიმართულად ხდიდა ამ საქმეს პოლიტიკური ინტერესის სფეროდ, მინიმუმ - საზოგადოების აღქმაში. დანარჩენი, შინაარსობრივად, დანაშაული მოხდა თუ არ მოხდა, რა უნდა შევაფასოთ, სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელი ეხებოდა ნიკა გვარამიას საქმეს, რომელშიც ადგილობრივმა სასამართლოებმა ის, "რუსთავი2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ.