16 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს. ოფიციალური განმარტების თანახმად, წარდგენილი ინფორმაცია მოიცავდა 2023 წლის საქმიანობის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა დასაცავი პირებისა და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოში სტუმრად მყოფი მაღალი რანგის სტუმრების დაცვითი ღონისძიები, სამსახურის ტექნოლოგიური და ინსტიტუციური განვითარების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. დეპუტატები ასევე გაეცნენ უწყების მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს.

"ნდობის ჯგუფის სხდომაზე მოვუსმინეთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც უკავშირდება დასაცავი პირებისა და ობიექტების უსაფრთხოებას, საქართველოში სტუმრად მყოფი პირების უსაფრთხოებას, ასევე - უწყების ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ უწყების საქმიანობას. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის კარგად მომზადებული და აღჭურვილი უწყება, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს დაცვითი ღონისძიებების სრული სპექტრი,“ - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

დღის ამბები