25 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით, 31 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით, 31 წლის ქალი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მარეხი მაკარაძეს საკეისრო კვეთა ბათუმის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

"უყურადღებობით დამიღუპეს მეუღლე. გადამამისამართეს სხვა საავადმყოფოში. სისხლი რატომ დასჭირდა? ყველაფერი ნორმალურად იყო. პასუხები ვერ გამცეს. ვნახე ექიმი და მითხრა, რომ სისხლდენა დაეწყო და სასწრაფოდ დასჭირდა საშვილოსნოს ამოკვეთაო. მე ვფიქრობ, რომ ბევრი სისხლი დაკარგა, ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ იქიდან ფაქტობრივად მკვდარი წავიყვანე,“ - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.

კლინიკაში "ბაუ" აცხადებენ, რომ მარეხი მაკარაძე მათ სამედიცინო დაწესებულებაში უკიდურესად მძიმე, სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში შეიყვანეს, მედიკოსებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

"პაციენტი შემოვიდა ჩვენს დაწესებულებაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, სხვა კლინიკიდან. თავიდანვე, გამოხატული იყო თავის ტვინის ჰიპოქსიურ-ანოქსიური დაზიანების სურათი. ოპერაციის შემდგომი გართულებების ფონზე მოხდა ჩვენთან მოყვანა. ყურადღება მიიქცია ასევე აქტიური შინაგანი სისხლდენის კლინიკურმა სურათმა. პაციენტი იმყოფებოდა უმძიმეს შოკში, თავიდანვე ჩავატარეთ ღრმა გლობალური კვლევები. შევძელით სისხლდენის გაჩერება, მაგრამ განვითარებული იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი სურათი,“ - აცხადებს "ბაოს" რეანიმაციული განყოფილების უფროსი, გოჩა აბაშიძე.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება, გაუფრთხილებლობით, სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები