სანქცირება, რომელიც იყო სრულიად უსამართლო და დეზინფორმაციაზე დამყარებული, რა თქმა უნდა, უნდა გაუქმდეს - ამის შესახებ სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შესახებ საუბრისას, უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა მედიასთან განაცხადა.
როგორც უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, კეთილსინდისიერების კუთხით საქართველოს სასამართლოს მაღალი პოზიცია აქვს და "ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური მიკერძოებულობის კუთხით, შეერთებული შტატებიც კი ჩამორჩება საქართველოს სასამართლო სისტემას".
"ნიკა გვარამიას საქმეზე, ნიკანორ მელიას საქმეზე, ასევე "რუსთავი 2"-ის საქმეზე იყო ზღვა ბულინგი, ტალახის სროლა კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ აბსოლუტურად უწესო მოქცევა და როდესაც აბსოლუტურად სხვა შედეგი დგება, რომ თურმე არსად არაფერი პრობლემა არ არის, სამართლიანად მოხდა მათი საქმეების განხილვა, არავინ არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც რადიკალური ოპოზიციიდან არ გამოდის, სიტყვას არ ამბობს და ბოდიშს არ იხდის. ამიტომ ეს სანქცირება, რომელიც იყო სრულიად უსამართლო და დეზინფორმაციაზე დამყარებული, რა თქმა უნდა, უნდა გაუქმდეს და ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან ველოდებით სამართლიან მიდგომებს, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია როგორ შეიძლება არსებობდეს პარტნიორობა, საქართველოში არის ერთადერთი "კლანი". ეს არის NGO-ების გაერთიანება, რომელთაც აქვთ მიზანი ქვეყნის წინსვლას, პროგრესულ განვითარებას, რაიმე სახით ხელი შეუშალონ. ამ NGO-ების "კლანს" ეხმარებიან კონკრეტული მოსამართლეები, რომლებიც ევროპული ქვეყნების დედაქალაქებშიც უტარებიათ თურმე მადლობის ნიშნად", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.