16 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" ვურჩევდი, რომ საკუთარი ხაზი შეცვალონ ენმ-ს მავნებლობის შესახებ ან ზოგადად მოსამართლეების დაცვას თავი დაანებონ - იაგო ხვიჩია

უმრავლესობა აშშ-ის მხრიდან დასანქცირებული ქართველი მოსამართლეებისთვის შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილების სისწორე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დაადასტურა, მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესება კი დაუსაბუთებლად მოხდა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, გვარამიას საქმესა და აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირებას შორის საერთოს ვერაფერს ხედავენ.

"მე რაც წამიკითხავს და მინახავს, გვარამიას საქმესა და ოთხი მოსამართლის სანქცირებას შორის შეერთებული შტატების მხრიდან - ამ ორ საკითხს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, მეტი არ ვიცი რა შეიძლება გითხრათ," - აცხადებს " გახარია საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით,  ცინიკურია მმართველი გუნდის მოთხოვნა მოსამართლეების სანქციების მოხსნის შესახებ. 

"ამერიკისა და ქართველი ხალხის მიმართ ქოცების ეს მოთხოვნა - "მურუსიძეს მოუხსენით სანქციები", არის ცინიკური, იმიტომ, რომ რაც არ უნდა სანქციები მოუხსნას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მურუსიძესმგონი ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის სინამდვილეში ვინ არის ეს ხალხი მიუხედავად იმისა, რომ ქოცები დღეს ზედ გადაეფარნენ.

აქედან გამომდინარე, მე "ქართულ ოცნებას" ვურჩევდი, რომ საკუთარი ხაზი შეცვალონ "ნაციონალური მოძრაობის" მავნებლობის შესახებ ან ზოგადად ამ მოსამართლეების დაცვას თავი დაანებონ. ეს იქნებოდა ლოგიკური ქართველი ხალხის წინაშე," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

დღის ამბები