პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ არარსებული თემების წინა პლანზე წამოწევას ცდილობს. ელისაშვილი "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოში დიდი ფული შემოდის, როგორც სასამართლოს წინააღმდეგ, ასევე ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპირო მოქმედებებისთვისაც.
ელისაშვილის შეფასებით, არ შეიძლება კონსტიტუციაში უხეში ჩარევები.
"გრანტები გაიცემა მიზნობრიობით, რა თქმა უნდა. არ არსებობს გრანტი, რომელსაც არ აქვს მიზანი. ლგბტ თემის პროპაგანდისთვის რომ ვინმემ გრანტი გასცეს, ეს აბსურდია. ეს თუ მართლა პრობლემა იყო, ამდენ ხანს რატომ არ გაახსენდა "ქართულ ოცნებას", არ შეიძლება კონსტიტუციაში ასეთი უხეში ჩარევები. კონსტიტუციური ნორმა და სტაბილურობა არის განმსაზღვრელი დემოკრატიის", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, მმართველი პარტიის ინფორმაციით, საქართველოში დიდი ფული შემოდის, როგორც სასამართლოს წინააღმდეგ, ასევე, ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპირო მოქმედებებისთვისაც. მათივე განცხადებით, ამის ერთ-ერთი დასტურია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლგბტ თემების პროპაგანდისთვის "მთავარ არხს" გრანტი დაუმტკიცდა. ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ ტელეკომპანიის მიერ მიღებულ გრანტს ლგბტ პროპაგანდასთან კავშირი არ აქვს და მას მიზნობრიობა არ გააჩნია. ეს კი მმართველ გუნდს კიდევ უფრო მეტს ეჭვს და შეკითხვას უჩენს.