ტელეკომპანია "მთავარისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობის ფინანსური გრანტი პოლიტიკური ბრალდებების მორიგი საფუძველი გახდა. სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებულნი არიან, რომ დაფინანსება, რომელიც ტელეკომპანიამ მიიღო, კონკრეტულ მიზანს მოხმარდება. მმართველ გუნდის ინფორმაციით, დიდი რაოდენობის თანხის ნაწილი მართლმსაჯულების წინააღმდეგ კამპანიას უნდა მოხმარდეს, ნაწილი კი ოჯახის ინტერესების დაცვის საპირისპირო ქმედებებს.
"მთავარში" გრანტთან დაკავშირებით განმარტება არ გაკეთებულა. არხის დამფუძნებელმა კი, ჯერ კიდევ გუშინ, სატელეფონო კომენტარში თქვა, რომ მიღებული ფინანსების შესახებ იცის, თუმცა, მისი თქმით, თანხა არხმა, მიზნობრიობის გარეშე - მედია მხარდაჭერისთვის მიიღო.
მიზნობრიობის გარეშე დიდი ოდენობით თანხის ჩარიცხვა რომ არ ხდება - ეს დღეს ვერც ოპოზიციაში უარყვეს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" კითხვა უპასუხოდ დატოვა, მის პარტნიორ პარტიებში კი გრანტის არამიზნობრივ გამოყოფაში უცნაურს ვერაფერს ხედავენ.
რატომ შეიძლება არ ასაჯაროებდეს ტელეკომპანია გრანტის სახით მიღებული თანხის მიზნობრიობას - ამაზე სახელისუფლებო პარტიაში კონკრეტული პასუხი აქვთ - "ქართულ ოცნებაში" შარშანდელი მარტის მოვლენებიც გაიხსენეს და კიდევ ერთხელ თქვეს, რომ გამჭვირვალობის ვალდებულება იყო რეალური მიზეზი, რის გამოც არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსების "ხალის ძალის" კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდნენ.
მმართველი პარტიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მხრიდან ფინანსების გაუმჭვირვალობის პრობლემაზე რამდენიმე კვირაა საუბრობენ და გრანტების მიზნობრიობის გასაჯაროებას ითხოვენ.