16 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
გადაიხედება თუ არა ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული ამერიკული სანქციები - ნიკა გვარამიასთვის სტრასბურგის უარის შემდეგ, საკითხი კვლავ გააქტიურდა

ნიკა გვარამიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს უარი "ქართული ოცნებისთვის" იმის საფუძველი გახდა, რომ სტრატეგიულ პარტნიორს მოუწოდონ, სანქციების ქვეშ მყოფი მოსამართლეების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედონ.

"საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა" და "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის" მიზეზით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, 2023 წლის 5 აპრილს, სავიზო შეზღუდვა დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. "ქართული ოცნების" მხრიდან ამ მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნა, ოპოზიციის მტკიცებით, ანტიამერიკული განწყობების გაღვივება და გავლენიანი მოსამართლეების დაცვის მცდელობაა.

ამერიკის მხრიდან ქართველი მოსამართლეების სანქცირება არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო მმართველი გუნდისთვის. სუვერენული სახელმწიფოს მოსამართლეებისთვის შეზღუდვების დაწესებას სახელისუფლებო გუნდი სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობად მიიჩნევს.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენი 2022 წლის 16 მაისს გამოიტანა და მას, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე, რომელიც, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნეს, დღეს "კურიერთან" ამბობს, რომ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას უფრო მეტი დასაბუთება სჭირდება.

სახელისუფლებო გუნდი ახლა სტრატეგიული პარტნიორისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა ან სანქციების გამოყენების მართებულობა უნდა განმარტონ, ან შეზღუდვები საერთოდ გააუქმონ.

საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კიდევ ერთი მაგალითი, როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ დღეს გამოქვეყნებული ინდექსია. ანგარიში სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერ გაძევებას იკვლევს. ამ მანკიერი პრაქტიკისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში 16-ე პოზიციაზე მოხვდა, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში კი ლიდერობს და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

დღის ამბები