16 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
მამუკა მდინარაძის განცხადება ღირსეული ქვეყნის ღირსეული პოლიტიკოსის განცხადებაა, რომლის მიზანია სასამართლოს შესახებ სიმართლე ყველამ იცოდეს და არავის მიეცეს დეზინფორმაციის გავრცელების უფლება - ვლადიმერ ბოჟაძე

გაუგებარია ამერიკის მხრიდან ე.წ. სანქციები, ვიზების გაცემის აკრძალვა მოსამართლეების მიმართ, გვარამიას მოსამართლისთვის სასწავლო ვიზიტის გაუქმება, "ვეტინგის" სისტემის თავზე მოხვევის მცდელობა, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბარი, - წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ბოჟაძის შეფასებით, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომლითაც მან, უმრავლესობის სახელით, აშშ-სგან მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა მოითხოვა, სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკოსის ღირსეული განცხადებაა.

"საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და პოლიტიკური მიუკერძოებლობა მრავალი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული. სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობა და სამართლიანობა, მათ შორის სააკაშვილის, მერაბიშვილის, უგულავას, მელიას, გვარამიასა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე. სასამართლო სისტემის რეფორმის შედეგად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, შემცირდა სტრასბურგში შეტანილი სარჩელების რაოდენობა, რამაც გაზარდა მოქალაქეების ნდობა. ამ ფონზე გაუგებარია ამერიკის მხრიდან ე.წ. სანქციები, ვიზების გაცემის აკრძალვა მოსამართლეების მიმართ, გვარამიას მოსამართლისთვის სასწავლო ვიზიტის გაუქმება, "ვეტინგის" სისტემის თავზე მოხვევის მცდელობა, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბარი. რეალურად სუვერენული, დამოუკიდებელი და ღირსეული სახელმწიფო არავის მიცემს უფლებას ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, მათ შორის - არც მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს.

მამუკა მდინარაძის განცხადება სწორედ ღირსეული ქვეყნის, ღირსეული პოლიტიკოსის განცხადებაა, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლოს შესახებ სიმართლე იცოდეს ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, არავის მიეცეს ტყუილისა და დეზინფორმაციის გავრცელების უფლება, ვერავინ მოახდინოს გავლენა მოსამართლეზე და მითუმეტეს პასუხი მოითხოვოს კონკრეტული გადაწყვეტილების გამო.

ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. შესაბამისად, თანასწორუფლებიანად და მეგობრულად უნდა დაგვეხმაროს კიდევ უფრო უკეთესი გახდეს ჩვენი სასამართლო სისტემა, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ან მოიხსნას სანქციები ან დაიდოს კონკრეტული მტკიცებულებები. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ვერავის მიცემს უფლებას გარედან მართოს სასამართლო სისტემა ან პოლიტიკური პროცესები.” - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

დღის ამბები