16 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი ბრაზილიელ კოლეგას შეხვდა - რაზე ისაუბრეს მინისტრებმა?

ბრაზილიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაურო ვიეირას შეხვდა, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ მრავალწლიანი პაუზის შემდგომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრაზილიაში ვიზიტს, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესებისა და ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი რეგიონული როლის გათვალისწინებით.

"ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ბრაზილიასთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივ, ისე - რეგიონულ კონტექსტში.

მინისტრები მიესალმნენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა შორის არსებულ ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგს, ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებას. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია განავითაროს კავშირები ბრაზილიასთან, როგორც მსოფლიოს წამყვან ეკონომიკასთან და მოახდინოს საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი დემონსტრირება. ამ მხრივ, საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყნის მნიშვნელობას და მისი ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დაინტერესებულნი არიან ხელი შეუწყონ რეგულარულ კავშირებს ბიზნესწრეებს შორის და სავაჭრო მისიათა ვიზიტების გაცვლას.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების ცნობითვე, მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ბრაზილიელმა კოლეგამ ხაზი გაუსვა ბრაზილიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

"აღინიშნა საქართველოს ტრადიციულად აქტიური თანამშრომლობა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან და ოფიციალური თბილისის ჩართულობა სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა რეგიონულ ფორმატში. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს აქტიურობას პორტუგალიურენოვანი ქვეყნების გაერთიანებაში, სადაც საქართველო ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები