ფაქტები, რომელსაც ოფიციალური ვაშინგტონი არ ადასტურებს, თუმცა ოპოზიცია ქვეყნის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს - ასე აფასებს მმართველი გუნდი ჟურნალისტურ გამოძიებაზე ოპონენტების განცხადებებს.
"ქართული ოცნების" შეფასებით, ამ თემას წერტილი თეთრ სახლში გამართულმა ბრიფინგმა დაუსვა, თუმცა საგამოძიებო მასალის გავრცელების შემდეგ, რადიკალური ჯგუფები ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ცდილობდნენ.
საგამოძიებო მასალებში საქართველოში მომხდარ ფაქტზე, სავარაუდოდ, მაიკლ გრანტი საუბრობს, რომელიც 2015-21 წლებში ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი იყო, რომლის სიმამრიც 2010 წელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყო დაკავებული და 9 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
"კურიერის" ინფორმაციით, ამერიკის საელჩოს ამ დრომდე კომენტარი ფაქტზე არ გაუკეთებია და არც ოფიციალურად, წერილობით არ მიუმართავს საქართველოს სამართალდამცავი უწყებებისთვის. კიდევ ერთი ინფორმაცია, მასალებში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ რუსული "გრუ-ს" თანამშრომლები, მამა-შვილი ავერიანოვები, თუმცა როგორც ირკვევა, "კურიერის" გადამოწმებული ინფორმაციით, მათ საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდებათ.
"ჰავანის სინდრომთან" დაკავშირებით ამერიკის მხრიდან მოვისმინეთ პასუხი, რომ ეს არის სისულელე, ამიტომ ამ სპეკულაციაში ვერ შევალ", - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას, რომელიც "ჰავანის სინდრომთან" დაკავშირებით საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის გამოძიების შედეგებს ეხებოდა.
"არათუ საელჩო, ამასთან დაკავშირებით გუშინ მოისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესმდივნის პასუხი, რომ ეს არის სისულელე და არანაირი ასეთი მოსაზრება, დასკვნა არ აქვს არათუ ამერიკის სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფოს სპეციალურ უწყებებს, რომლებიც ამ საკითხებზე არიან პასუხისმგებელნი. ამიტომ ამ სპეკულაციაში ვერ შევალ", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიციას სურს, რომ საქართველო რაღაცაში იყოს დამნაშავე.
"მეხუთე კოლონა, რომელიც გუშინ მაქსიმალურად ცდილობდა მოეზიდა საქართველოსკენ ეს დანაშაული და ვიღაცის მოწამვლა გაეფორმებინა ქართულ-რუსულ პროდუქტად, მინდა შეგახსენოთ, სააკაშვილსაც წამლავდით, თუმცა, აღმოჩნდა, რომ არ ვწამლავდით, ახლა გალიდერდა და ისევ ჩაუდგა სათავეში ამ დაბეჩავებულ ოპოზიციას და კოლექტიურ "ნაცმოძრაობას". ეს მოგვწამლეს, მოგვკლეს, გაგვლახეს, ჩაგვიდეს, ეს ამათი ხელწერაა. მუდამ აშინებენ საზოგადოებას, სულ სურთ, რომ საქართველო რაღაცაში იყოს დამნაშავე, ეს არის მათი ანატომია", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, The Insider-ის, PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება აღწერს რამდენიმე შემთხვევას, სადაც საუბარია, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა და FBI-ის თანამშრომლებმა, ასევე მათი ოჯახის წევრებმა, ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. რუსეთის თავდასხმა ამერიკელ დიპლომატებსა და "ეფბიაი-ს" აგენტებზე აკუსტიკური იარაღით, - ამ შინაარსის ერთობლივ ვრცელ საგამოძიებო მასალას "შპიგელი", "ინსიადერი" და "სიბიესი" ავრცელებენ.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, "ჰავანის სინდრომი", ჯანმრთელობის ანომალიური ინციდენტები", რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციების შედეგია.
მწვავე თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა - ეს იმ სიმპტომების მცირე ჩამონათვალია, რასაც აკუსტიკური იარაღის გამოყენება ადამიანებში იწვევს. სტატიაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ჩინეთში, კუბასა და საქართველოში ამერიკელი დიპლომატები რუსეთის სამიზნე გახდნენ.