"ანტიეროვნული, ანტიევროპული, ანტიქართული,"- ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.
"სრულიად სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა დღეს საქართველოს ე.წ. პრეზიდენტს. ის დიდი ხანია, საკუთარი ხალხის და ერის ინტერესს აღარ გამოხატავს. ეს იყო ანტიეროვნული, ანტიევროპული, ანტიქართული გამოსვლა, რის მიღმაც, სამწუხაროდ, ჩვენ სალომე ზურაბიშვილისგან მეტს არაფერს ველოდებით.
მისი შეფასებით, პრეზიდენტმა 9 აპრილის თემით მანიპულირება სცადა.
ქვეყნის ინტერესები მას არ აინტერესებს, არ აინტერესებს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა - მისთვის მთავარია, საკუთარი პატრონების წინაშე ვალი მოიხადოს და მათთვის მაამებელი განცხადებები გააკეთოს. მანიპულირება 9 აპრილით, მანიპულირება ქვეყნის ძალიან დიდი ბრძოლით, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, ეს არის სალომე ზურაბიშვილის და, ზოგადად, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სტილი. ასე რომ, კარგად ჩაჯდა ზურაბიშვილი ამ სტილში,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, დღეს გაირკვა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს უმრავლესობა პარლამენტში ხელახლა წარადგენს.