გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, უკვე მეორე დღეა, განხილვის მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია კანონს კვლავ რუსულ ეძახის და მის პარლამენტში დაბრუნებას ეწინააღმდეგება. უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ მათ ოპონენტებს არ აქვთ არც პასუხები და არც არგუმენტები კითხვაზე, - რატომ არის წლიური დეკლარაციის შევსება რუსული, თუკი შემოსავლების მიზნობრიობა გამჭვირვალეა.
"რუსული კანონი - ეს არის ბრენდინგი, რომელსაც, სინამდვილეში, ეწოდება საუკუნის აფერა, რადგან კანონებს, რომლებიც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, კანონი, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირში და ევროდირექტივას წარმოადგენს, თან, გაცილებით მკაცრი დათქმებით, საფრანგეთსა და სხვადასხვა ქვეყანაში, უწოდებენ რუსულ კანონს. "კაგებეშნიკური" მეთოდია, რომ მე შენ რაღაცას დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე, რატომ არ ხარ ის, ვინც დაგაბრალეს. ერთადერთი ვალდებულებაა, რომ ყოველი წლის იანვრის თვეში შეავსონ წინა წლის დეკლარაცია. ეს რატომ არის რუსული, ვინმემ დედამიწის ზურგზე მოიფიქროს და რასაც მოითხოვენ, იმას გავაკეთებთ მართლა.
ისედაც გამჭვირვალეა - არის ყველაზე ყალბი ნარატივი იმიტომ, რომ არანაირი ვალდებულება დეკლარაციის შევსების მსგავსი დეტალიზაციის შესახებ ქართულ კანონმდებლობაში დღეს არ არსებობს. ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გადათქვამს თავის ნათქვამს, დაკარგავს ხელისუფლებას, ძვირად დაუჯდება, მაგრამ მეორე მხარეს შესასრულებელია პირობა, რომელიც კი არ შესრულდა, გაუარესდა მდგომარეობა და, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც გამჭვირვალობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალობით იცვლება, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება ვალდებულია, უკაცრავად და, ამ "გადაგდების" საპირისპიროდ, თავისი სიტყვა თქვას.
მტკიცებულება პირველი - 2023 წლის ოქტომბრის თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კანვასი" ატრენინგებდა გარკვეულ ჯგუფებს რევოლუციის განსახორციელებლად. დამფინანსებელი ორგანიზაციის, USAID-ის წარმომადგენელმა ლიზა კოლაკმა განაცხადა, რომ ტრენინგი ეხებოდა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების დახმარებას. ანუ, მიზნობრიობა იყო ეს. გავრცელებულ კადრებში კი რეალურად ჩანდა, როგორ ატრენინგებდნენ გარკვეულ ჯგუფებს ხელისუფლების დამხობის მეთოდებში. სინამდვილეში, რამდენი დაიხარჯა და რა ხდებოდა, რეალურად, ვიცით, მაგრამ დონორის პოზიცია არის - სიცრუე.
მეორე - მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "თბილისი პრაიდი" "ვივა მოსავალში" ატარებდა სემინარს, სადაც საუბარი იყო როგორ დაეჭირათ მხარი არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის. ჟურნალისტთა სემინარის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ ტრენინგი ეხებოდა რუსულ დეზინფორმაციას, ხოლო დამფინანსებელმა აბსოლუტურად სხვა რამ განაცხადა - გაეროს განვითარების ფონდმა განაცხადა, რომ ტრენინგი ეხებოდა სექსუალური უმცირესობების დაცვას - სამი ერთმანეთისგან აცდენილი ინფორმაცია. სინამდვილეში რა ხდებოდა ვიცით, მაგრამ კვლავ არ ვიცით.
მესამე - რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მთავარმა არხმა", გრანტის სახით, მიიღო იმ თანხის 5-6%, რომელიც გამოყოფილია საქართველოში ლგბტ თემის პროპაგანდის ირიბი მხარდაჭერისთვის - ასეთი იყო ინფორმაცია. გვარამიამ განაცხადა, რომ ეს იყო გრანტი მიზნობრიობის გარეშე, რაც ბუნებაში არ არსებობს, ანუ მოიტყუა, ხოლო მოგვიანებით, თავად არხმა განაცხადა, რომ გრანტი გამოუყვეს დამოუკიდებელი საინფორმაციო სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვის, ხოლო გრანტის ოდენობა და მისი გამცემის ოდენობა კვლავ უცნობია,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
დოკუმენტი ორშაბათს ბიუროზე გავა, რის შემდეგაც მსჯელობა კომიტეტებში დაიწყება. უმრავლესობამ პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დააინიცირა.