18 მაისი 2024,   18:44
ვრცლად
"ჯადოსნური ეკრანი - ამბები ქართულ ანიმაციაზე" - ნიკა წულუკიძის პერფორმანსი რუსთაველის თეატრში

ქართული ანიმაციის საუკუნოვანი ისტორია რუსთაველის თეატრში ნიკოლოზ წულუკიძემ კიდევ ერთხელ ჯადოსნურ ეკრანზე გააცოცხლა. 

აკადემიურ თეატრში შეკრებილ მაყურებელს ნიკოლოზ წულუკიძე ქართული ანიმაციის შესახებ ბევრ უცნობ და საინტერესო დეტალს უყვება. სრულდება ქართული მულტფილმებიდან ცნობილი სიმღერებიც, რომელებზეც არაერთი თაობა გაიზარდა. 

ოთხკუთხედ ყუთში შავ-თეთრი ეკრანი რომ ხასხასა ფერებით აინთებოდა, აი სწორედ მაშინ იწყებოდა ყველა თაობისთვის ჯადოსნური თავგადასავალი. ვისთვის ნოსტალგია, ვისთვის დღემდე საყვარელი წუთები, ზოგისთვისაც სულაც ახალი კადრები, რომელსაც ახლა პირველად ჯადოსნურ ეკრანზე ხედავს.

ამბები ქართულ ანიმაციაზე, ნიკოლოზ წულუკიძის ახალი პროექტია. ეკრანზე აჩვენებენ და სიმღერით იხსენებენ ქართული ანიმაციის საუკუნოვან ისტორიას. თავად კი მაყურებელს მოუთხრობს ყველა საინტერესო ამბავს, რომელსაც ჯადოსნური ეკრანი დღემდე ინახავს.

როდის გამოჩნდა ქართული მულტიპლიკაცია პირველად ეკრანზე, იყო თუ არა მისი ავტორი პირველყოფილი ადამიანი და რა ხდება 21-ე საუკუნეში - ამ ყველაფერზე პასუხი გასცა ნიკა წულუკიძემ პერფორმანსით რუსთაველის თეატრის სცენაზე.

პროექტის მთავარი იდეაა, ახალმა თაობამ უყუროს, გაიგოს და დაინტერესდეს ქართული, ძველი ანიმაციით, რომელზეც მათი წინა თაობები გაიზარდა.

იხსენებენ ყველას, ვინც ქართული ანიმაციის შექმნაში ერთი აგური მაინც დადო. სიუჟეტებთან და საყვარელ გმირებთან ერთად, ქართულმა მულტიპლიკაციამ მელოდიები დაგვიტოვა. სცენაზე ყველა კომპოზიტორის ყველა დასამახსოვრებელი მუსიკა ჟღერს.

ჯადოსნური ეკრანიდან ჯადოსნური სამყარო ახლა რუსთაველის თეატრის სცენაზეა გაცოცხლებული. სცენაზეა ყველა, ვისაც ახსოვს და იცის თუ რა ძალა აქვს ჯადოსნურ ეკრანს. ამბობენ, რომ ქართული ანიმაცია ცხოვრებას გვასწავლის, რომელსაც მუდამ კარგი დასასრული არ აქვს, ნიკა წულუკიძის პროექტი კი კეთილ ფინალს ელოდება.

"ჯადოსნური ეკრანი-ამბები ქართულ ანიმაციაზე", ნიკა წულუკიძის პერფორმანსი. ჩაინიშნება თუ არა კიდევ წარმოდგენა, მაყურებლის გამოხმაურებასა და ტაშზეა დამოკიდებული.

დღის ამბები