"რატომ არის ეს კანონი რუსული" - ამ სლოგანით სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. ნიკა გვარამია, სალომე სამადაშვილი, გიორგი მშვენიერაძე, "თბილისი პრაიდი", "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო", "სამართლიანი არჩევნები" და სხვა ორგანიზაციები წერენ, რომ საქართველო ამკვიდრებს იმავე წესს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს, მტრად აცხადებს ევროკავშირს და ამერიკას და მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ამ კამპანიას სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" წევრები ეხმაურებიან და განმარტავენ, რატომ ეს კანონი არის ევროპული.
"ანალოგიური კანონი მოქმედებს ამერიკაში, ბრიტანეთში კანადაში, ინიცირებულია ევროკავშირში საფრანგეთსა და სლოვაკეთში. კანონის ერთადერთი მიზანია არასამთავრობო სექტორმა წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაცია შეავსოს, კანონი კიდევ უფრო გვაახლოვებს ევროპასთან," - წერენ მმართველი გუნდის წვერები.
საკითხს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აცხადებს, რომ ნაცვლად იმისა, რომ შესრულებულიყო დაპირება და გამჭვირვალე გამხდარიყო უცხოური დაფინანსება, უფრო მეტი დახარულობა მივიღეთ.
"ნაცვლად იმისა, რომ შესრულებულიყო დაპირება და გამჭვირვალე გამხდარიყო უცხოური დაფინანსება, მივიღეთ უფრო მეტი დახარულობა. უფრო მეტიც, ამ 1 წლის განმავლობაში ჩვენ პერიოდულად ვარკვევდით, რომ თურმე პოლიტიკური პარტიები და რადიკალური ფონდები ფინანსდებიან ასეთი ფონდებიდან; თურმე, კამპანია რადიკალური ორგანიზაცია "სირცხვილიასი", რომელიც მოლოტოვის კოკტეილის და ადამიანის დაწვის რომანტიზებას ახდენდა, ფინანსდება ამერიკელი და ევროკავშირის მოქალაქეების ფულით.
ამ ყველაფერს ჩვენ ვარკვევდით პერიოდულად, მაგრამ ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ გამჭვირვალობის სახით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო არის ვალდებული, რომ ეს გამჭვირვალობა უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის.
რაც შეეხება უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას, ეს გახლავთ სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხი და ამიტომ, მხოლოდ ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება არის კომპეტენტური გადაწყვიტოს ეს უსაფრთხოების საკითხები როგორ იყოს მოგვარებული. აქ სიტყვა არ ეთქმის უცხოელ აქტორებს, აქ სიტყვა ეთქმის მხოლოდ ქართველ ხალხს.
არის საჯაროდ ინფორმაცია, რომ პარტიები, ამ შემთხვევაში "დროა", კანონის გვერდის ავლით ფინანსდება უცხოური წყაროდან. რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში ორგანიზაციამ, რომელიც საარჩევნო მონიტორინგს აწარმოებს. ის უნდა დააკვირდეს, შეისწავლოს და ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოთქვას.
რა გააკეთა ან "გამჭვირვალობამ", ან "ისფედმა" ან საია-მ, რომლებიც ამბობენ, რომ დამკვირვებლები ვართო? არაფერი. რატომ? იმიტომ, რომ იქაც იგივე წყაროა დაფინანსების - ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელზეც არის ეჭვი, რომ ის აფინანსებს პარტია "დროას".
ასე არის, ხელს აფარებენ შემდეგ საკუთარ დამფინანსებლებს, რომლებიც აქ ფარულად პარტიებს აფინანსებენ და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მათ სიტყვას შემდეგ ფასიც აღარა აქვს რაც შეეხება დაკვირვებას. იმიტომ, რომ არიან შეკრულები ერთმანეთთან.
რომელიღაცა დონორი, მაგალითად დემოკრატიის მიმართულებით აწარმოებს პროგრამას და მორჩა. ამის ქვემოთ დეტალები მოსახლეობისთვის, ისევე როგორც სახელმწიფოსთვის - უცნობია. შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ თურმე „კანვასი“ დაქირავებული იყო ამ ფულით, თურმე ის, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ხელოვნებას თუ მშობლების საკითხებს შეეხებოდა იყო ჩვეულებრივი რევოლუციური სცენარის ტრეინინგი", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.