პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საზოგადოების ინფორმირებას ითვალისწინებს და მასში ჩამხშობი ან შემზღუდველი მექანიზმი გათვალისწინებული არ არის, განსხვავებით მართლა რუსული კანონისგან, რომელიც სისხლის სამართლებრივ დევნასაც ითვალისწინებს.
მისი თქმით, ამ კანონის მეშვეობით, ისინი ვეღარ შეძლებენ კულტურის საკითხებზე შეხვედრა დაარქვან იმ შეხვედრას, რომელიც ახალგაზრდებს "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებას ასწავლის.
"ამაში ჩამხშობი რომელი მექანიზმი ამოიკითხეს, განსხვავებით მართლა რუსული კანონისაგან, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული ფიზიკური პირების შეზღუდვას ყველა მიმართულებით თუ ვინმე საერთაშორისო დაფინანსებას ან საერთაშორისო დონორებისგან ნებისმიერ თანხას იღებს. ასეთი ადამიანების პოლიტიკური აქტივობა სრულად დაბლოკილია და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა, მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის თემა, რომელსაც რუსული კანონი ითვალისწინებს. უფრო მეტსაც გეტყვით, არა მარტო რუსული კანონი ითვალისწინებს, არამედ ამერიკული კანონიც იმავეს ითვალისწინებს. ჩვენ შემთხვევაში, ლაპარაკია იმაზე, რომ მხოლოდ ინფორმაცია მისცენ საზოგადოებას. ეს მექანიზმი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. შენ ვეღარ შეძლებ კულტურის საკითხებზე შეხვედრა დაარქვა იმ შეხვედრას, რომელიც ახალგაზრდებს ასწავლის "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებას, ან პოლიციის განყოფილებაში შევარდნას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.