არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასისა" და "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" ყოფილი უფროსი მკვლევარი, ამჟამად ლექტორი გია ჯაფარიძე, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ამტკიცებს, რომ "გამჭვირვალობის" კანონპროექტი რუსულია და საზოგადოებამ მისი შინაარსი არც უნდა განიხილოს
ანალიტიკოსის განცხადებას აღიარებით ჩვენებას უწოდებს მთავრობის მეთაური. ირაკლი კობახიძე, "გამჭვირვალობის" კანონპროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების გზავნილებს, დღეს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრმა კანონპროექტის მიზნები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ დეზინფორმაციით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ვეღარავინ შეძლებს.
უფროსი ჯაფარიძის მოწოდებაზე საუბარს თავს არიდებს უმცროსი ჯაფარიძე. ანალიტიკოსს გამოხატულ პოზიციას უწუნებს ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ისინიც, ვინც კანონპროექტს ღიად უპირისპირდებიან.
ჯაფარიძის პოზიცია, მმართველი გუნდისთვის, ენჯეო სექტორის მიზნების მორიგი ლუსტრაციაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ანალიტიკოსმა, მისივე განცხადებით დაადასტურა, რომ კანონპროექტის საწინააღმდეგო არგუმენტები არ არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კი დასამალი ბევრი აქვთ.
გია ჯაფარიძის მოწოდებების ანალოგიური განცხადებები გაიმეორეს დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. NGO სექტორის წარმომადგენლებმა გამჭვირვალობის კანონპროექტს რუსული უწოდეს, თუმცა კითხვაზე - რომელი მუხლია პროექტში რუსული, პასუხი არ აქვთ.
მმართველი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოების დეზინფორაციასა და შანტაჟში ადანაშაულებს. უმრავლესობა გასული წლის 8-9 მარტის საპროტესტო აქციებს იხსენებს და ამბობს, რომ ენჯეოების მიზანი, ახლაც საპროტესტო მუხტის გაღვივება და გაუმჭვირვალე თანხების დამალვაა.
თანხების გამჭვირვალობის შესახებ ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, პროექტის განხილვა დაიწყო ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთსა და უკრაინაში.