რატომ იკრძალება საქართველოსთვის კანონი, რომელზეც აქტიურად მუშაობს ევროპარლამენტი და - საფრანგეთიც, ეროვნულ დონეზე? მმართველი გუნდისთვის შეკითხვა ისევ უპასუხოდ რჩება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, ხშირ შემთხვევაში, კანონს ის ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ, რომლებიც თავად მუშაობენ მსგავსი კანონმდებლობის მიღებაზე. სწორედ ეს ფაქტი აჩენს უმრავლესობისთვის კითხვებს უცხო ქვეყნიდან მიღებული ფინანსების რეალურ მიზნებთან დაკავშირებით.
უცხოური დაფინანსების რეალური მიზანი რომ შესაძლოა გაცხადებული მიზნისგან განსხვავდებოდეს, ამას ოპოზიციის ნაწილიც არ გამორიცხავს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ გამჭვირვალობის კანონი საქართველომ არ უნდა მიიღოს. არგუმენტად კი პარტნიორების მოწოდებებს ასახელებენ.
მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციისა და კონკრეტული აქტორების მწვავე კრიტიკა ე.წ. შავი ფულისთვის ბრძოლას უკავშირდება. უმრავლესობის ლიდერის თქმით, პროექტის წინააღმდეგ საერთაშორისო ლობისტური ქსელი მუშაობს. მამუკა მდინარაძის განმარტებით, კოორდინირებული კამპანიის უკან, იმ დონორი ორგანიზაციების ინტერესები დგას, რომელთა დაფინანსების რეალური მიზნებიც, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემთხვევაში, გამოაშკარავდება და სწორედ ამიტომ კეთდება კრიტიკული განცხადებები დასავლეთიდანაც.
კანონპროექტის წინააღმდეგ მოწოდებები ქვეყნის გარედან დღესაც ისმოდა. ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა, თბილისში, გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, დაწერა, რომ საქართველოს მოქალაქეები იცავენ უფლებას, იყვნენ ევროპელები. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კი, პარლამენტში ინიციირებული პროექტი საქართველოს ევროპისგან ჩამოშორების საფრთხედ შეაფასა. დღეს მედიასთან გამჭვირვალობის კანონის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმაც.
მმართველი გუნდისთვის გაუგებარი და დისკრიმინაციულია მიდგომა, როდესაც საქართველოს არ აქვს უფლება, სხვა ქვეყნების მსგავსად, მიიღოს კანონი, რომელიც გამჭვირვალობას, საზოგადოების ინფორმირებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უმრავლესობა მზადაა, პარტნიორებს, კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა, ორშაბათიდან, უკვე საკომიტეტო ფორმატში დაიწყება. ევროპარლამენტში კი "მესამე ქვეყნის ინტერესთა გამჭვირვალობის" დოკუმენტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უკვე იმსჯელეს. მსგავსი რეგულაციები ევროკავშირის 15 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის - ლატვიაში, ბელგიასა და კვიპროსშიც.