16 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა სტუდენტებთან... ორი ისეთი საკითხი დააყენეს, რომლის არგაზიარება არ შეიძლებოდა - მამუკა მდინარაძე

ცოტა ხნის წინ დასრულდა პარლამენტში უმრავლესობის ლიდერისა და სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელების შეხვედრა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა თუ რა საკითხები განიხილეს სტუდენტებთან უმრავლესობის წარმომადგენლებმა. მისივე თქმით, სტუდენტების მიერ დაყენებული ორი საკითხი გაითვალისწინეს და კანონპროექტში შესწორებას შეიტანენ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, სტუდენტებთან შეხვედრისას ყველა საჭირო კითხვას პასუხი გაეცა და შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არ ყოფილა საკითხი, რომელსაც არ შევხებივართ - კანონთან, მის პრინციპებთან, საჭიროებებთან დაკავშირებით, იმაზე, რატომ ახლა; რეალურად რომელ ქვეყანაში, რა წესით მოქმედებს. შეხვედრას დღეს ესწრებოდა ყველა იმ უნივერსიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი, ვისაც თვითმმართველობა აქვს. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტმა ძალიან იაქტიურა და ძალიან ბევრი კითხვა დასვა, საინტერესო წინადადებები დააყენა, რაც გავიზიარეთ, რაც არ მოუფიქრებია არც ერთ ოპონენტს. ამ ახალგაზრდებმა ორი ისეთი საკითხი დააყენეს, რისი არგაზიარებაც არ შეიძლება.

ერთი შეეხება იმას, რა ცვლილება უნდა შევიდეს, რომელიც უალტერნატივო იყო და დავეთანხმე და ამ ცვლილებას შევიტანთ - ჩანაწერის მერვე პუნქტში, სიტყვა “მინიშნება“, შეიცვლება სიტყვა “ინფორმაციით“, რომ აქ ვინმემ სპეკულაცია არ მოახერხოს. მათ ჰქონდათ ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები.
მეორე საკითხია დაფინანსებასთან დაკავშირებით - ახალგაზრდებთან დაკავშირებით შიდა გრანტები კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მსგავსი საუბარი ჩემთან და ჩვენს რამდენიმე კოლეგასთან, “ქართული ოცნების“ ლიდერებთან. იმდენად კარგი და პოზიტიურია, რომ მათი აზრი ამას ემთხვევა, რომ ამის არ გაზიარება არ შეიძლება. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა კითხვაზე ერთად გავეცით პასუხი. იმდენად დეტალურად არიან გათვითცნობიერებული არა მხოლოდ ჩვენ დაინიცირებულ კანონპროექტში, არამედ უცხო ქვეყნის პრაქტიკაშიც, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია სხვა ქვეყნის პრაქტიკაზეც დეტალურად ისაუბრონ.

ყველა კითხვა დაისვა, რაც ისმის საზოგადოების, ჩვენი ოპონენტებისა და ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
იყო ერთი-ორი კრიტიკული შეკითხვაც, ამაზეც ამომწურავი პასუხები გავეცით ყველამ ერთად.

„მათ შორის [კითხვა დაისვა], რატომ იყო აუცილებელი ახლა ამ კანონპროექტის წარდგენა. ამასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ, რომ ერთი მხრივ, საჯაროდაც კიდევ ერთხელ შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი მხრიდან არის პირობა, რომ ჩვენ კანონს არ დავაბრუნებთ, მეორე მხრივ, არის მათი დათქმა, მოცემულობა, ყველა „მესიჯი” რომ ისედაც გამჭვირვალეა და ამ დროს კიდევ უფრო გაუმჭვირვალეა ფინანსები, რომელიც „ენჯეო” სექტორში და მედიაში იხარჯება, კიდევ უფრო მეტ „შავ ფულზეა” საუბარი. არაერთი მაგალითი საჯაროდაც დავასახელეთ, სადაც ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სამი სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა და არავინ იცის, რომელი იყო მართალი. დღესაც, როდესაც კამპანია მიდის ამ კანონპროექტის წინააღმდეგ და რომელსაც ასეულობით ათასი და შეიძლება მილიონობით ლარი ან დოლარი სჭირდება, ამას ვინ აფინანსებს?! - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები