გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც შოლცმა განაცხადა, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რასაც გერმანია არ შეეგუება.
"ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აგრძელებს [აგრესიას] ეს ეხება არამარტო რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო თვითონაც გახლდათ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ნაწილები რუსული უკანონო ოკუპაციის ქვეშაა და სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი გავუსვათ ამას ხაზი. ჩვენ არ შევეგუებით ამას. გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სადაც გერმანიას ყველაზე მეტი პერსონალი ჰყავს.
მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ იმ სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა. დიდი მადლობა თქვენი ვიზიტისთვის და მიხარია მომავალი თანამშრომლობა," - განაცხადა ოლაფ შოლცმა.