ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის მეტად ღირებული მხარდაჭერისთვის და ამ კონტექსტში შემთხვევითი არ არის, რომ გერმანია არის პირველი ევროპული სახელმწიფო ბრიუსელის შემდეგ, რომელსაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ვსტუმრობ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში, გერმანიის კანცლერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ოლაფ შოლცს მიწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
"1990-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიამ უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და მის სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. ასევე განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერაში, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ განათლება მიეღოთ და გაეღრმავებინათ გერმანიაში. მე, ასევე იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა განათლება მიიღეს და აქვე დაიცვეს აკადემიური ხარისხი. ჩვენ გერმანიაში ვისწავლეთ რომ სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, დემოკრატია არის უზენაესი, ძირითად პრინციპები, რომლებიც დაცვას საჭიროებს და რომლებმაც ჩვენი სამომავლო განვითარება უნდა განსაზღვრონ. ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის მეტად ღირებული მხარდაჭერისთვის და ამ კონტექსტში შემთხვევითი არ არის, რომ ბერლინი არის პირველი ევროპული სახელმწიფო ბრიუსელის შემდეგ, რომელსაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ვსტუმრობ," - განაცხადა პრემიერმა.