16 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ვახუშტი მენაბდე - კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვადასხვა გრანტის მიმღებ ჯგუფებს საქმიანობას არ უზღუდავს, თუმცა ართმევს ღირსებას

იურისტი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვადასხვა გრანტის მიმღებ ჯგუფებს საქმიანობას არ უზღუდავს, თუმცა ართმევს ღირსებას და ყველა მათგანს ქვეყნის მოღალატის სტატუსს ანიჭებს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

“როგორც იურისტს ხშირად მეკითხებიან:

- ბოლოს და ბოლოს რისი კეთების შესაძლებლობას შეუზღუდავს ეს კანონი ერთობებს (ანალიტიკურს, პროფკავშირს, მომსახურების მიმწოდებელს, სახელოვნებო ერთობას, კლუბს და ა.შ.)?

პასუხი მარტივია: არაფრის!

მისი დამტკიცების შემთხვევაში, ყველა ამ ორგანიზაციას შეუძლია გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდა.

მაშინ, სად არის პრობლემა?

პრობლემა არის და თან უზარმაზარი პრობლემა. ერთობებს შეუძლიათ გააგრძელონ საქმიანობა, მაგრამ ერთი განსხვავებით, ყველა მათგანს საკუთარი ქვეყნის მოღალატე დაერქმევა.

ამგვარად, ეს კანონი არსებობის უფლებას კი არ გვართმევს, არამედ ღირსებას. ღირსებას გვართმევს უკლებლივ ყველას, ვისაც სხვა ადამიანებთან გაერთიანება და საერთოზე ზრუნვა გვსურს.

ეს კი უარესია. არაფერია იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე დამამცირებელი არსებობა. სჯობს ხმის ამოღება აგვიკრძალონ, ვიდრე ჩვენს სიტყვებს საკუთარი ხალხის მოღალატის სიტყვები დაარქვან.

ამიტომ დღეს რიგით ინტერესს კი არ ვიცავთ, არამედ ჩვენს მოქალაქეობრივ ღირსებას, ჩვენი ადამიანობის უფლებას იმას, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო“, - წერს ვახუშტი მენაბდე. 

დღის ამბები