იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ, "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის და "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ძალადობრივი ქმედება შეაფასა. საუბარია ფიზიკურ დაპირისპირებაზე, სადაც ალეკო ელისაშვილმა, უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დავით უსუფაშვილმა ალეკო ელისაშვილის ქმედებას უმსგავსი და გაუმართლებელი უწოდა.
"დავიწყებ იმით, რომ ბატონ მომხსენებელს,[მამუკა მდინარაძე] რომელიც ყველაზე მეტად დაიღალა და დაზარალდა და იმ ერთი ჩვენი კოლეგის უმსგავსი და გაუმართლებელი საქციელი ცხადია, არა მგონია ორ აზრს იწვევდეს ამ ოთახში და სადმე. მაგრამ, ამასთანავე, მისი არასწორი საქციელი არაფერს არ ნიშნავს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში, "გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო, ელისაშვილი მდინარაძეს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის ტრიბუნასთან იდგა. უმრავლესობის ლიდერი დღეს, განხილვისას კანონპროექტის მთავარი წარმდგენი იყო. დაპირისპირების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.