იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ანრი ოხანაშვილი.
ბექა ლილუაშვილმა თავისი კითხვის დასმის პროცესში აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღებით ხდება ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა მეგობარი ქვეყნების "მტრად გამოცხადება", რასაც ანრი ოხანაშვილის მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
"დემაგოგი რომ არ იყო, ამ ტყუილს იკადრებდი? სად წერია მტრად გამოცხადება? ყველაფერს აქვს ზღვარი. როგორც ჩანს, თქვენ ნერვები არ გაგაჩნიათ. შეგიძლიათ ასე უნერვოდ ხალხს ატყუოთ და იდემაგოგოთ. კარგი, გაჩერდი, ახალგაზრდა კაცი ხარ,"- მიმართა ანრი ოხანაშვილმა ბექა ლილუაშვილს.