პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეისთვის დასრულებულია, თუმცა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო. ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით, ინიციირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა.
რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე დღეს განვითარებულ მოვლენებს; საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივის უკან წაღებას მოითხოვს. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის მიღება ქვეყნის ეროვნულ ინტერესსა და ევროპულ მომავალს აზიანებს. ოპონენტებს დღეს მთელი დღეა არგუმენტად მოჰყავთ დასავლეთის კრიტიკული განცხადებები, მმართველი პარტია კი შინაარსობრივ არგუმენტებს მოითხოვს.
ამასობაში, კანონი ევროსაბჭომ ვენეციის კომისიაში გაგზავნა - უნდა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ის ევროსაბჭოს სტანდარტებს. საფრანგეთი ამბობს, რომ კანონი რომლის მიღებასაც საქართველოში აპირებენ ფრანგული არ არის, ამერიკა აცხადებს, რომ არც ამერიკულია, რუსეთი ამბობს, რომ რუსული არ არის, "ქართული ოცნების" პასუხი კი მხოლოდ ერთია: ის ქართულია.
სხდომაზე ცოტა ხნის წინ ვითარებაც დაიძაბა - "ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდება" - ოპოზიციონერი გენერლის ამ სიტყვებს მმართველი პარტიის გაღიზიანება მოჰყვა. "რას ნიშნავს მოკვდეს? ნაცები კი არ ვართ რობოკოპი ვინმეს მოსაკლავად გვყავდეს" - ამ სიტყვებით უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დევი ჭანკოტაძემ.