პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საპროტესტო აქციებზე ოპოზიციის მიზანი მსხვერპლი და ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერაა. საუბარია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, აქციაზე ადამიანის გარდაცვალების რისკი არ გამორიცხა. პრემიერმა და პარლამენტის სპიკერმა დღეს ოპონენტებს წარსული შეახსენეს. თქვეს ისიც, რომ სახელმწიფო, ნებისმიერ პროვოკაციას კანონის ფარგლებში ოპერატიულად აღკვეთს.
მედიასთან დღეს თავად ჭანკოტაძე არ გამოჩენილა. გენერლის ნაცვლად, კითხვებზე პასუხის გაცემა მის პოლიტიკურ თანაგუნდელებს მოუწიათ და თანამოაზრის სიტყვების გამართლება რისკების პრევენციის მოტივით ახსნეს
საუბარს აქციებზე სავარაუდო მსხვერპლის შესახებ არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ჭანკოტაძის განცხადებას დღეს ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე და გახარიას გუნდი ღიად გაემიჯნნენ. განსხვავებული იყო საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის პოზიცია.
"ნაცმოძრაობის" მხრიდან აქციების დესტრუქციული მიზნით გამოყენების სურვილზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების თქმით, ოპოზიცია გამჭვირვალობის კანონით მანიპულირებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
საპროტესტო აქციები “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პარლამენტში ინიციირებას მოჰყვა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა.