პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე პარლამენტშია. მე-6 ვეტო სალომე ზურაბიშვილმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონს დაადო. მოტივი იგივეა, რაც წინა შემთხვევებში - განცხადებაში წერია, რომ "ცვლილება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯია". არგუმენტად პრეზიდენტს ის მოჰყავს, რომ გენდერული კვოტების საკითხი 12 რეკომენდაციის მე-9 პუნქტია, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს შესრულებულადაც ჩაუთვალა. ცვლილებების ავტორები ასე არ ფიქრობენ.
საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმება "გირჩის" ინიციატივაა, რომელსაც "ოცნებამ" მხარდაჭერა იმ მიზნით გამოუცხადა, რომ საპასუხოდ პარტია ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ეს პოლიტიკური შეთანხმება მმართველი გუნდის უმრავლესობისთვის მისაღებია, რადგან თვლიან, რომ კვოტირებამ ბოლო 4 წელიწადში ეფექტურად იმუშავა.
ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოიწონა. მათ შორის იმ ქალებმა, რომლებიც პარლამენტში აქტიურად საქმიანობენ. მათი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქალები პროფესიულ საქმიანობაში ბევრ ბარიერს აწყდებიან, კვოტების დროებითი ნორმა სასიკეთო საქმეს მოემსახურებოდა.
უმრავლესობაში თვლიან,რომ კვოტირებამ თავისი საქმე გააკეთა და ქალების წახალისების საჭიროება დღეს აღარ დგას. ახლა ქალების გაძლიერება თითოეული პარტიის პირადი ნება იქნება, ვეტოს დასაძლევად კი მზად არიან.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც ის პლენარულ სხდომაზე გავა, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირას. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 4 აპრილს 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. "გირჩის" მიერ ინიციირებული პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.