16 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში - ვახტანგ გომელაურმა, ინტერპელაციის დროს, საპროტესტო აქციების შესახებ ისაუბრა

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, შინაგან საქმეთა მინისტრთან განსაზღვრული თემატიკა, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნაწილობრივ შეცვალა. სწორედ საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა მინისტრმა აქციებზე. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მშვიდობიანი აქცია პირველივე დღეს გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. მინისტრის ამ შეფასებას დარბაზში ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა, რაშიც, მალევე, უმრავლესობის წევრები ჩაერთნენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ, სხდომაზე ვითარება მცირე ხნით განიმუხტა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აქცენტი პოლიციელების მხრიდან თმენის ვალდებულებაზე გააკეთა, თუმცა განაცხადა, რომ ეს არავის აძლევს უფლებას, მათ შეურაცხყოფა მიაყენოს. ვახტანგ გომელაურის განცხადებით - "უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც პოლიციელის ღირსებას შელახავს".

პოლიციაზე თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმაა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს დაშავებული პოლიციელების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პროცესების ესკალაციასა და კონფლიქტის ხელოვნურად წარმოქნაში დაადანაშაულა.

სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა კიდევ ერთი ხმაური დარბაზში, რაც, საბოლოოდ, სხდომიდან სალომე სამადაშვილის გაძევებით დასრულდა.

ამის შემდეგ, ტრიბუნა უკვე პოლიტიკურ გამოსვლებს დაეთმო. ოპოზიციამ, სიტყვით გამოსვლის დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე ისაუბრა. მათი განცხადებების შინაარსი მმართველმა პარტიამ პროვოკაციულად შეაფასა.

ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან, რომელიც, მმართველი გუნდის თქმით, სწორედ ძალადობასთან იყო კავშირში - მორალური უფლება არ აქვთ, მსგავსი განცხადებები აკეთონ.

დარბაზში კიდევ ერთხელ ხმაური უკვე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის - თინა ბოკუჩავას რიმა ბერაძისთვის მიმართავს მოჰყვა. ბოკუჩავას მიმართავ ადრესატმა მუქარად აღიქვა.

ქალ დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტს პარლამენტის თავმჯოდომარემ შეაფასა.

შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში 5 საათზე მეტხანს უსმენდნენ.

დღის ამბები