16 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
29 აპრილს, "ქართული ოცნების" საყოველთაო-სახალხო შეკრებას, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

29 აპრილს, "ქართული ოცნების" საყოველთაო-სახალხო შეკრებას, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. "ქართული ოცნების" ორგანიზებით, ორშაბათს, პარლამენტის წინ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, შეკრება დაანონსდა. საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რომ პარლამენტთან დაგეგმილი ღონისძიება საზოგადოების მოთხოვნაა, რადგან მათი თქმით, კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ, რეალურად კი ეს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილის პოზიციაა.

"დიახ, ბატონი ბიძინა ამ აქციაზე აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას. ეს იქნება ძალიან დიდი აქცია, დარწმუნებული ვარ. ყველას მოვუწოდებ, პატივი სცეს იმ აქციის თითოეულ მონაწილეს, იმიტომ, რომ ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია, ამას გვეხვეწებიან ამ კვირების განმავლობაში. ეს კონტრაქცია კი არ არის, ეს არის აქცია, რომელიც ორგანიზდება ჩვენ მიერ, თავისი სახელი ერქმევა, ეს არის “ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებული აქცია და ვისაც სურვილი აქვს, ყველა მოვა იმ აქციაზე და დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია.

როგორ შეიძლება, ასე დავაკნინოთ გამჭვირვალობის და დემოკრატიის ინტერესი, რომ დემოკრატიას, გამჭვირვალობას, ევროპულობას ანტიევროპული დავარქვათ იმიტომ, რომ თავად მათ გვითხრეს ასეთი რაღაც. თავად მათ გვითხრეს - 27 ქვეყნის ელჩი დემარშის ფორმით გვეუბნებოდა, რომ სააკაშვილი მოკვდებოდა, თუ არ გავუშვებდით და ეს იყო წითელი ხაზი დემოკრატიისა და ევროპულობისათვის. სააკაშვილიც ციხეშია, კი არ კვდება, ისეთ ფორმაშია, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში ჩაერიოს, დავალებები გასცეს. ტყუილი აღმოჩნდა დემარშის საფუძველი და სამწუხაროდ, ევროკავშირის 27 ელჩი გაეხვა თუ თავი გაიხვია ამ ტყუილში.

აქცია იქნება ეროვნული, ჯერ ქართული და შემდეგ, რა თქმა უნდა, ევროპული პოლიტიკის, მხარდამჭერი, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება და არცერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან ამ საკითხთან და ამ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით," -აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები