16 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
შეკრებაზე იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები აბსოლუტურად ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს თუ რამხელა მხარდაჭერაა მმართველი გუნდის მიმართ - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როგორც კი 29 აპრილის შეკრება დაანონსდა, ოპოზიციის მხრიდან მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია მმართველი გუნდის მხარდამჭერების წინააღმდეგ.

მისი თქმით, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს, რადგან ისინიც არავის აყენებენ შეურაცხყოფას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 29 აპრილს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შეიკრიბებიან, სადაც იქნებიან ყველა სფეროს წარმომადგენლები და ყველა დაინახავს თუ რამხელა მხარდაჭერაა მმართველი გუნდის მიმართ.

"როგორც კი დაანონსდა ეს შეკრება, მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ. საუბრობენ იმაზე, რომ 100 000 საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ა.შ. მოხელეების რაოდენობა რამდენია ისიც არ იციან. აქ იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები აბსოლუტურად ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს თუ რამხელა მხარდაჭერაა მმართველი გუნდის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის აქციებზე დგანან კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ 1000 ლარად დაფინანსებული ადამიანები, რა თქმა უნდა ამ აქციებზე გულწრფელი ადამიანებიც არიან, მაგრამ ნახევარზე მეტი არიან დაფინანსებული ადამიანები, "ენჯეოების", კეზერაშვილის თუ ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ადამიანები. ახალგაზრდების ნაწილიც, პირდაპირ დიმა ჩიქოვანის მიერ არის დაფინანსებული. ე.წ გულწრფელი ახალგაზრდა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასხმული ახალგაზრდა, რომელიც "ნაცმოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერია. აქვს ადამიანის თავის პოლიტიკური არჩევანი, გამოვიდეს და გააპროტესტოს. ჩვენ არავის არ ვაყენებთ შეურაცხყოფას, მაგრამ კეთილი ინებოს ყველამ და ნურც ჩვენს მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას., ჩვენ არც ერთხელ არ გვიკადრია ამ ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, არც გულწრფელად გამოსული ადამიანებისთვის და არც პარტ აქტივისთვის, რომელიც იქ იდგა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები