16 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მმართველი გუნდი, გამოქვეყნებული კრიტიკული შეფასებების მიღმა, ყოფილი სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის კვალს ხედავს

მმართველი გუნდი, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გამოქვეყნებული კრიტიკული შეფასებების მიღმა, ყოფილი სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის კვალს ხედავს. საუბარია ადამიანის უფლებების კუთხით 2023 წლის ანგარიშზე, რომელიც სახდეპმა დღეს გამოაქვეყნა. ტექსტში არაერთი კრიტიკული შეფასებაა - განმარტებებში კი ვკითხულობთ, რომ დასკვნა, ხშირ შემთხვევაში, ნინო ლომჯარიას ან სამოქალაქო სექტორის ინფორმაციას ეყრდნობა. დეპარტამენტის მხრიდან გვარამიას საქმის სავარაუდო პოლიტიზებაზე საუბარი, სახელისუფლებო გუნდს არწმუნებს, რომ ანგარიში სუბიექტური ინფორმაციის საფუძველზეა მომზადებული. საპარლამენტო უმრავლესობიდან დღეს სტრატეგიულ პარტნიორებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც შეახსენეს, რომელმაც გვარამიას სარჩელი განსახილველადაც კი არ მიიღო.

სტრასბურგისგან განსხვავებით, თავად ნიკა გვარამია სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტს მიიჩნევს უაპელაციო ავტორიტეტად. "ახალის" დამფუძნებელი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს ხშირად აკრიტიკებს, ამბობს, რომ დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრა მის პოლიტიკურ პატიმრობას ადასტურებს.

რატომ არ მიიღო სტრასბურგმა გვარამიას საქმე - ამ კითხვაზე დღეს კონკრეტული პასუხის გაცემისგან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თავი შეიკავეს. მათი ნაწილი პრობლემას თავად სტრასბურგის მიდგომებში ხედავს. მეორე ნაწილი კი ჩავარდნის მიზეზად არასწორად მომზადებულ სარჩელს ასახელებს.

ოპონენტების მხრიდან სტრასბურგის მიმართ გამოჩენილი დამოკიდებულება არ აკვირვებთ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მეთაურებს. ლიდერების აზრით, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა სახდეპის ანგარიშის დაყენება ოპონენტების მორიგი ლუსტრაციაა. პოლიტიკოსების აზრით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ოპონენტების უმრავლესობას რეალურ ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, 2023 წლის ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.

დღის ამბები