მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება, საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი.
"სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის რეზოლუციები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, მოტივირებული, რომლის მთავარი მიზანიც არის, დააზიანოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან შემოქმედნი მსგავსი ტიპის რეზოლუციების, შეგნებულად თუ შეუგნებლად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დაზიანებას. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას არაფერი შეაფერხებს და მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ანგარიშები ყოველ წელს, რომელიც მზადდება ჩვენი ვალდებულებების მიმართულებით. საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს იმ ვალდებულებებს, რომელიც გვაქვს ევროპელი პარტნიორებისგან. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ საქართველოს ამ კუთხით არანაირი რისკი არ აქვს. ეს განცხადებებიც არის ანგაჟირებული პოლიტიკური მიზნით იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ვინც ამაზე საუბრობს, მგონი, ეს ხალხი არ ემსახურებიან საქართველოს ევროპულ ინტერესებს, საქართველოს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ევროპარლამენტმა, 425 ხმით 30-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ხუთი საპარლამენტო ჯგუფის მიერ წარდგენილ ერთობლივ რეზოლუციას
“საქართველოში “უცხოელი აგენტების კანონის“ ხელახალი შემოღების მცდელობებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.