ბელგიელი სენატორი, ევროკავშირის ლიდერების, მათ შორის შარლ მიშელისა და ჟოზეფ ბორელის მხრიდან, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონპროექტის კრიტიკას არადემოკრატიულ ქმედებას და სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმას უწოდებს.
„ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბელგიის სენატისა და ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ბობ დე ბრაბანდერი აღნიშნავს, რომ საქართველოს ამ კანონის მიღების სრული უფლება აქვს, ევროპელი ლიდერების მხრიდან კი ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებების კრიტიკა მიუღებელია.
ბელგიელი კანონმდებელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები ხშირად იყენებენ ასეთ თავდასხმებს იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც მათ დღის წესრიგს არ იმეორებენ.
„ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან ასეთი კრიტიკა იმ სახელმწიფოს მისამართით, რომელიც ჯერ არ არის წევრი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რა მიმართულებით მიდის ბლოკი. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს იმ არაკომერციულ სუბიექტთა საჯარო რეესტრში რეგისტრირებას, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან შედის, ვფიქრობ საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს ასეთი კანონი მიიღოს, თუმცა, ბოლო წლებში ვხედავთ, რომ ევროკავშირი, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტად დაარსდა უფრო და უფრო არადემოკრატიული ხდება. ევროკავშირის დღევანდელი ლიდერები კონკრეტულ დღის წესრიგს ემსახურებიან, ეს დღის წესრიგი არის ანტიკონსერვატიული, არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას. როდესაც კონკრეტული სახელმწიფოები საკუთარი თავის დაცვას ცდილობენ ყოველივე ამისგან, ევროპელი ლიდერები ასე დაჟინებით მოქმედებენ. ვფიქრობ ამ კანონპროექტის ინიცირების გამო ისინი საქართველოს სწორედ ამავე მიზეზის გამო ესხმიან თავს. ევროკავშირის ლიდერების მხრიდან იმავე კრიტიკას მაგალითად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი, რომელიც ქრისტიანი და კონსერვატორი სახელმწიფოა, რომელიც კონკრეტულად იმ ხაზზე არ მოძრაობს, რომელიც ევროკავშირს სურს. ვფიქრობ ზუსტად იმავეს ხედავენ საქართველოში და სწორედ ამიტომ ესხმიან ასე თავს“, - განაცხადა ბელგიელმა სენატორმა.