16 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
უჩა აბაშიძის საქმე - რას ედავებიან სამხედრო ბლოგერს, რომელიც გუშინ საკუთარ სახლთან დააკავეს

ბლოგერი უჩა აბაშიძე, დიღმის მთავარ სამმართველოში ბრალის წარდგენას ელოდება. დაკავებიდან მეორე დღეს, ის ადვოკატმა სწორედ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა და მისი პოზიციები მოისმინა. უჩა აბაშიძეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. თუმცა, მისი ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ამოღებული იარაღიდან მხოლოდ ორია ნამდვილი, რომელიც ოფიციალურად, ისედაც უჩა აბაშიძის სახელზეა რეგისტრირებული, დანარჩენი იარაღი კი "აირსოფტის" სათამაშოდ გამოიყენება.

უჩა აბაშიძე, სამართალდამცველებმა გუშინ, საკუთარი სახლიდან აიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს: კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა და იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. თუმცა, დაკავებულის ოჯახის წევრები ორივე მუხლთან უჩა აბაშიძის კავშირს გამორიცხავენ. ვარაუდობენ, რომ მისი დაკავება საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უჩა აბაშიძის საცხოვრებელი ბინიდან, უწყებამ ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, საბრძოლო ვაზნა და "აირსოფტის" იარაღები. სამინისტრომ ყველა ეს ნივთმტკიცებულება ექსპერტიზაზე გადააგზავნა, პარალელურად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებებიც.

უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლთან, აბაშაძის 22 ნომერში, სამართალდამცველები გუშინ დაახლოებით საღამოს 9 საათზე გამოჩნდნენ. ადგილზე ათეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული, პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ უჩა აბაშიძის მხარდამჭერებიც. მოგვიანებით, მათ ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს.

"ბლოგერის დაპატიმრების მოტივი მისი აქტიურობაა" - ფიქრობენ ოპოზიციაში, სადაც ასევე ამბობენ, რომ ამ ფორმით ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას ცდილობს.

სახელისუფლებო გუნდი ყველას მოუწოდებს, გამოძიების საბოლოო შედეგებს დაელოდონ, რადგან, მათი თქმით, კითხვებს პასუხი სწორედ ასე გაეცემა.

უჩა აბაშიძის საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა უკვე მოინახულა.

დღის ამბები