22 აგვისტო 2026,   20:02
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლო უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს - სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებული ცოლ-ქმარი სხდომას ესწრება. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროკურატურის შუამდგომლობას, ორივე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება დაცვის მხარე.

"ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ უნდა დაზუსტდეს ბრალდებულთან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი დრო მასალების გასაცნობად. თქვენ იცით, რომ უჩა აბაშიძის შემთხვევაში საქმის მასალები, მათ შორის ჩხრეკის ოქმი რამდენიმე დღიანი დაგვიანებით, კანონის დარღვევით გადმოგვეცა, თუმცა ბუნებრივია, პატიმრობის შუამდგომლობას ჩვენ არ დავეთანხმებით", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მან, ასევე, განმარტა, რომ ამ ეტაპზე საქმის დეტალებსა და შინაარსზე საუბარი არ შეუძლია.

"პროკურატურამ მოგვაწერინა ხელი გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე და ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება," - განაცხადა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. შსს-ის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია დიდი რაოდენობით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები, რომელთა შესწავლა გრძელდება დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. უწყების ცნობით,

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ პროკურატურამ კადრები გაავრცელა

დღის ამბები