19 აგვისტო 2026,   19:33
ვრცლად
აქციებზე დაკავებული 16 პირი თბილისის მთავარი სამმართველოს იზოლატორშია მოთავსებული - საქმეს მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი უწევს

აქციებზე დაკავებული 16 პირი თბილისის მთავარი სამმართველოს იზოლატორშია მოთავსებული. მათ შორის არის ლაზარე გრიგორიადისი. დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ.

მათი ნაწილი ადვოკატებმა უკვე მოინახულეს. საქმეს მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველის აპარატი. ომბუდსმენის რწმუნებულების ინფორმაციით, დაკავებული 16 პირიდან 3, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს.

"აქვთ ფიზიკური დაზიანებები, არიან ნაცემები, ზოგს ეს ეტყობა ფიზიკურად, ზოგს კი - არა. თუმცა მათი უმრავლესობა ამაზე მიუთითებს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ასევე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მოხვდა საავადმყოფოში, რომელსაც დასჭირდა ოპერაციები, მრავლობითი მოტეხილობების გამო. ვგულისხმობ დავით ქაცარავას. ჯერჯერობით ეს ადამიანები იზოლატორში იმყოფებიან, ისინი ამბობენ, რომ სრულად მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებში მოხდა მათი დაკავება,"- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ვერიკო ჯგერენაია.

როგორც კიდევ ერთი ადვოკატი აცხადებს, დაკავებულებს იზოლატორში 48 საათით ამყოფებენ:

"დაკავებულები არიან გმირთა მოედანზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებები არასოდეს არ აქვს. ვნახეთ კადრებში, რომ ეს ადამიანები აკავებენ უკანონოდ. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, დიდი ალბათობით, არ ჩაინიშნება, დაკავებულებს იზოლატორში 48 საათით ამყოფებენ და ამის შემდეგ უშვებენ ხოლმე,"- აღნიშნავს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

 

დღის ამბები