18 ოქტომბერი 2024,   07:15
ვრცლად
გილოცავთ დღევანდელ დღეს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას სამების საკათედრო ტაძრიდან ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ეს დღე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის არის, ჩვენი ფასეულობების, ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვის დღე:

"ქრისტე აღსდგა, გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს თითოეულ შვილს, ჩვენს დებსა და ძმებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე, ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვის დღე. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც ძალიან ამაღელვებელია თითოეული ჩვენგანისთვის, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისა და მისი იდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის. არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის ჩანაცვლებას სიძულვილით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო.

ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ვზრუნავდეთ. ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით უნდა გავერთიანდეთ აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ სიყვარულით ადამიანებს შორის. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად, ქაშუეთში პარაკლისს დაესწრო, რის შემდეგაც, ისინი მსვლელობას ხალხთან ერთად შეუერთდნენ.

დღის ამბები