27 ივლისი 2024,   04:31
ვრცლად
სლოვაკეთის პრემიერი, უკვე მე-2 დღეა, სიცოცხლისთვის იბრძვის - რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ მძიმეა

სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო სტაბილურ, მაგრამ მძიმე მდგომარეობაშია. პრემიერი ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას ერთ-ერთ საავადმყოფოში, ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. სლოვაკ ექიმებს რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანა სურთ. პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სამედიცინო საბჭო შეიკრიბა. ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ, შესაძლებელია თუ არა მისი დედაქალაქში გადაყვანა.

სლოვაკეთში, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. დაცვა გაძლიერდა ქვეყნის პარლამენტზე, სატელევიზიო ოფისებსა და სკოლებზე. სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ ონლაინ საფრთხის შესწავლისა და მოძიების განკარგულება გასცა.

მთავრობის მეთაურზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ბრალი უკვე წაუყენეს. დაკავებულია თავდამსხმელის მეუღლეც. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა პოლიტიკურად მოტივირებულ ფაქტად შეაფასეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული არა მხოლოდ პრემიერზე, არამედ დემოკრატიაზე თავდასხმას ეცადა. ადგილობრივები შიშობენ, რომ პრემიერზე თავდასხმა ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზების გამწვავებას გამოიწვევს.

რობერტ ფიცოზე თავდასხმა დაგმეს მსოფლიო ლიდერებმა. "პრემიერი ფიცო სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზეა" "- ასე გამოეხმაურა ფაქტს ვიქტორ ორბანი. უნგრეთის პრემიერი შიშობს, რომ ფიცო, გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც კი, მუშაობას ვეღარ შეძლებს. ეს კი, ორბანის თქმით, ევროპარლამენტის გადამწყვეტ არჩევნებზე სერიოზული დანაკლისი იქნება.

რობერტ ფიცოს, მთავრობის სხდომის შემდეგ, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავადან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვაში მიმდინარეობდა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზევე დააკავა. ის 71 წლის მწერალი და აქტივისტია. რობერტ ფიცო სლოვაკეთის ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვადით მყოფი ლიდერია.

 

დღის ამბები