ფულის გათეთრების ფაქტებზე ამოღებული და დაყადაღებული აქტივების ღირებულება აღემატება 201,5 მილიონ ლარს, კონფისკაციას დაქვემდებარებული აქტივები კი 75 მილიონ ლარზე მეტია, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების ძალისხმევით ფულის გათეთრების ფაქტებზე 170 დაზარალებულისთვის და სახელმწიფოსთვის ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი.
"კორუფციასთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენო ფულის გათეთრების და საქონლის ლეგალური ბრუნვის წესის დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის შედეგიანობა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური სისტემის სტაბილურობასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ეს დანაშაულები არალეგალურ მატერიალურ სარგებელთან დაკავშირებული დანაშაულებია, რაც აისახა კიდეც ფულის გათეთრების ფაქტებზე ამოღებული და დაყადაღებული აქტივების ღირებულებაზე, რომელიც აღემატება 201,5 მილიონ ლარს, კონფისკაციას დაქვემდებარებული აქტივები კი 75 მილიონ ლარზე მეტია, მათ შორის პირველად ჩამორთმეულ იქნა 19,4 მილიონი ლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. საქონლის ლეგალური ბრუნვის წესის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან ამოღებული არალეგალური საქონლის ჯამურმა ღირებულებამ კი გადააჭარბა 40 მილიონ ლარს", - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.